Sunday, March 6, 2011

სამედიცინო-კულინარული ფანჯარა ჩემს ცხოვრებაში ))


რამდენი ხანია, არაფერი დამიპოსტავს... არადა, რამდენჯერ გამიხსნია ჩემი"ვითომ ბლოგის" ფანჯარა და, რამდენჯერ მდომებია ჩემივე გულიანი ბოდვის ჩაწერა. ვერა და ვერ ხერხდება. ალბათ. შეიძლება ძალიან ზარმაციც ვარ. სასაცილოცაა... გინდა წერა და დრო არ გრჩება. სამედიცინოს რა ვუთხარი... ან ჩემს შეყვარებულს : ))

ამ ბოლო დროს კულინარიის მუზები შემომაწვა. დავდგები თორნიკესთან ერთად და ვამზადებ. ნუ, ნიჭი გვაქვს ორივეს და ვერ დაგვიკარგავ. განსაკუთრებით, არევის. მერე მილაგებას ვინღა ჩივის. ხან ტაფაა დამწვარი, ხანაც ჭიქაა გატეხილი. ეგ არაფერი, გაიწაფებიო , მაწყნარებენ გულშემატკივრები. იმასაც გვეუბნებიან, გემრიელი საჭმელები გამოგდითო. ჰო, ალბათ, გემრიელია. გულით ვაკეთებთ და...

ჰოდა კიდევ იცით რა მომენატრა? ჩემს ოთახში, ჩემს თავთან მარტო დარჩენა და ჩემი ბოდვების ფურცელზე დანთხევა. ფურცელზე და არა კლავიატურაზე. მით უმეტეს, გაზაფხული მოდის. ამ დროს მინდება სამყარო ავიღო და ჩ ა ვ წ ე რ ო. მერე რა, რომ ამის მაგიერ, ანატომიის დაკუჭული წიგნი მრჩება ხელში. მერე რა, რომ ჩემს სიაში წასაკითხი წიგნების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე წასაკითხისა. მაგასაც გადაიტანს კაცი... უბრალოდ, შინაგან სამყარო თანდათან სულიდან მეცლება და ვუყურებ თაროზე შემოდებულ შედევრებს, რომლებიც მელოდებიან. ვუყურებ ჩემს დღიურს, რომელიც "ჩაჯღაბნას" მთხოვს და "იცრემლება" (დანესტიანდა.)

მარტო სეირნობა მომენატრა. მომენატრა ის მომენტები, ფოტო აპარატით რომ დავდიოდი აქეთ-იქეთ და უაზროდ რომ ვაჩხაკუნებდი კადრების გამოცლამდე.
ასეა.. სამყარო შეიცვალა. შეიძლება უფრო ბედნიერიც ვარ. ბევრად ბედნიერი, ალბათ. აღარ ვხურავ ჩემივე ოთახის კარებს და აღარ ვფიქრობ იმდენს 2012-ზე, ცხოვრების ამაოებაზე, არც თუ ისე სასიამოვნო წარსულზე და ბევრ სხვა სენტიმენტალურ რამეზე, რაც უმეტესად მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რომ დიდი ხნით ამმღვრეოდა ხასიათი. ასე, რომ სჯობს ისევ ჩემს სამედიცინო თუ კულინარიულ მომავალს მივხედო და ნაკლები დრო დავუთმო ფიქრს "ცრემლიან" დღიურზე და თაროზე შემოდებულ წიგნებზე... ზაფხულამდე მაინც.